„არ ვიცი, ვინ არის საერთოდ. შეწყალების კომისიასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. პირველად გავიგე ეს ინფორმაცია,“- ეს განცხადება, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ქრთამის აღების ფაქტზე საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძის დაკავებაზე გააკეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება შეწყალების კომისიის მეშვეობით, თემურ გორგაძის ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც დეპუტატი ქრთამის სახით 7 ათას დოლარს ითხოვდა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ გორგაძის შესახებ მას არაფერი სმენია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, წლების წინ თემურ გორგაძე მარიხუანას გასაღებისთვის იყო დაკავებული.