19 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
როსტოვის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში არ ადასტურებენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა სთხოვა

ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ცხედარის გადმოცემას, ამ დრომდე ელოდება. 

როსტოვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში არ ადასტურებენ, რომ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი ცხედრის ექსპერტიზა საოკუპაციო რეჟიმმა მათ სთხოვა. 

სად ტარდება ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა, რომელსაც გადმოსვენების მთავარ დაბრკოლებად ასახლებენ, პასუხგაუცემელია.

ქართველი ექსპერტების აზრით, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დაფარვას და კვალის გაქრობას ცდილობს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ქართველი სამხედროს ცხედრის გადმოცემა კონკრეტული მიზნით ჭიანურდება.

თუ სათანადო პირობების დაცვა ვერ მოხდება, ექსპერტებს გაუჭირდებათ დასკვნის დადება და ტატუნაშვილის სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენა. ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ერთ გახმაურებულ ფაქტს იხსენებს, რა დროსაც გერმანიიდან სპეციალურ პირობებში შენახულ ცხედარზე ექსპერტებმა გარდაცვალების ზუსტი დასკვნა ვერ დადეს.

ალექსანდრე გეჯაძე არ გამორიცხავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ექსპერტებმა ტატუნაშვილის ცხედრის გაკვეთისას გარკვეული ორგანოები დაამუშაონ, რათა ქართველ სპეციალისტებს მუშაობა გაურთულონ.

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს რუსეთში მიღებული სერტიფიკატი აქვს და მზად იყო ტატუნაშვილის ცხედრის გამოსაკვლევად ცხინვალშიც შესულიყო, თუმცა ქართველი სპეციალისტების დაშვებაზე მოსკოვმა კატეგორიული უარი განაცხადა.

სავარაუდო თარიღს თუ როდის მიიღებს ტატუნაშვილის ოჯახი შვილის ცხედარს, სავარაუდოდ, ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე გადაწყდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები