19 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
ერგნეთში შეხვედრა ჩაიშალა - საოკუპაციო რეჟიმი კი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში აფეთქებას გეგმავდა

ერგნეთში მოლაპარაკებების 84-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალური თბილისის მოთხოვნა - საოკუპაციო რეჟიმს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადმოეცა, არ შესრულდა.

მოსკოვმა და ცხინვალმა უარი თქვეს ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისათვის დოკუმენტების დაბრუნებაზეც, რათა მათ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთონ.

დღევანდელი შეხვედრა ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა და მოლაპარაკებების მაგიდას აღარ დაუბრუნდება, ვიდრე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადმოსცემენ.

5 საათიანი მოლაპარაკებები კარავში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრა ერთ საათიანი დაგვიანებით დაიწყო. მოლაპარაკებები დღეს მხარეებმა რამდენიმეჯერ დატოვეს, ისინი კონსულტაციებზე გამოდიოდნენ. საქართველოს ხელისუფლების გარდა, ოკუპანტების დარწმუნებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც უშედეგოდ ცდილობდა.

სანამ ერგნეთში ცხედრის გადმოცემაზე მსჯელობდნენ, ცხინვალში მოკლული ქართველისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე მუშაობდნენ. დღეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ინფორმაციის კომიტეტში განაცხადეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში აფეთქებას გეგმავდა და ერთ-ერთი ხიდის ქვეშ მათ ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები