18 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის პედაგოგის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებდნენ

გვასწავლეთ ქართული ენა! ნუ გვიშლით ხელს ინტეგრაციაში! - ამ მოწოდებებით დღეს იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-4 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაკვეთილზე არ შევიდნენ. სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა.

მოსწავლეები, მშობლებთან ერთად, ქართული ენის პედაგოგის თეა გურგენიძის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

თეა გურგენიძეს მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მტკიცებით, ქართულის მასწავლებელმა მე-4 კლასელ მოზარდს თავში წიგნი ჩაარტყა, ხოლო საწერი კალამი ხელში ჩაარჭო. ამ ფაქტს დღეს კატეგორიულად უარყოფდნენ სკოლის მოსწავლეები.

სკოლის დირექტორს მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შესახებ, მანდატურებმა აცნობეს. ფაქტი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, თუმცა განათლების სამინისტრო ვიდეომასალას არ ასაჯაროებს. 

პირად კონფლიქტს უკავშირებს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას თეა გურგენიძე.

სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრები ცემის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა ნაწილი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. 

სკოლის სამეურვეო საბჭო თეა გურგენიძის საკითხზე დღეს 3 საათი მსჯელობდა. დირექტორის თქმით, მოსწავლეზე მასწავლებლის სასტიკი მოპყრობა არ დასტურდება.

ავტორები: ია გულიაშვილი, ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები