
პარლამენტი მთავრობაზე კონტროლს აძლიერებს და კანონში ცვლილებები შეაქვს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ დეპუტატებს, რომლებიც მთავრობას თავად ამტკიცებენ, მათი კონტროლის სუსტი მექანიზმები აქვთ და ეს პარლამენტის ტკივილად გადაიქცა.
“ზედამხედველობა არის ჩვენი საერთო გულისტკივილი. მინდა, რომ პარლამენტი უფრო ძლიერი გახდეს ზედამხედველობის კუთხით. ერთ-ერთი მექანიზმი ამისთვის არის ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგლამენტში. წინასწარი პროცესი არის დაწყებული. იმ კვირიდან, სავარაუდოდ, უკვე გაიხსნება ეს პროცესი და ყველა საპარლამენტო პარტია, პირველ რიგში, უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიხვეწოს მექანიზმები, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ რეგლამენტში იქნება უფრო მკაფიო მითითებები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს მინისტრის გამოცხადება პარლამენტში.
„ეს იქნება გაცილებით მკაცრი და მკაფიო ვალდებულება კონკრეტული თანამდებობის პირისთვის,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ უკვე ხუთი წელია „ქართული ოცნება“ მთავრობას ამ კანონით აკონტროლებს, თუმცა დამატებითი ძალაუფლების პარლამენტისკენ გადმოქაჩვა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მმართველ პარტიაში ორი გავლენიანი- ძველების და ახლების ჯგუფი გამოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ კალაძის საპარლამენტო დაჯგუფება, კვირიკაშვილის მთავრობის გუნდის წინ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს.
„ეს არის კლასიკური კლანური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ შიგნით, როდესაც კალაძის კლანი ებრძვის კვირიკაშვილის კლანს. მინისტრები არ მიდიან პარლამენტში და ისინი არ არიან ანგარიშვალდებულნი პარლამენტარების წინაშე. პრობლემა არა კანონში, არამედ ხელისუფლებაშია, რომელიც კანონს არ ასრულებს,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.
„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მთავრობა ყოველთვის უგულვებელყოფს კანონს და ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიცვლება რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
„ჩემთვის ეს არის ერთიანი, ივანიშვილის, "ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით, ყველგან, ახდენს უგულებელყოფას კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების, პარლამენტის და ხალხის მიმართ. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ წელიწადნახევარია არცერთი მინისტრი, ჩვენი ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ არც ერთი მოთხოვნის შედეგად არ მოსულა პარლამენტში, ასე პირდაპირ, უტიფრად უგულებელყოფენ კანონს. ეს გულისტკივილზე ბევრად მეტი უნდა იყოს,"-განაცხადა „ევროპულ საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.