19 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
მკვლელობა ვერაზე - ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა სავარაუდოდ დიდ ვალს უკავშირდება

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული გოგი ხატოევის მეზობლები დაკითხვაზე იმყოფებიან. სამართალდამცავები ასევე სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიის პერსონალის ჩვენებასაც ისმენენ. 

დაკითხვაზე იმყოფებიან ის ადამიანებიც, ვინც გოგი ხატოევს ტელეფონით მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრნენ.

პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება მოკლულის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

შემთხვევის ადგილი უკვე დატოვეს პროკურორებმა, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობისას მასთან სახლში იმყოფებოდა ახლო ნათესავი, თუმცა მას სროლის ხმა არ გაუგია.

გოგი ხატოევის მკვლელობის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. არსებული ინფორმაციით მკვლელობის მიზეზი დიდი ოდენობით ვალი გახდა, რომელიც მოკლულის მიმართ ჰქონდათ. კიდევ ერთ ვერსიად შურისძიება განიხილება.

გოგი ხატოევი, რომელიც ამჟამად რატიანიძის გვარით იყო რეგისტრირებული, მეუღლესთან გაშორებულია. მისი ყოფილი ოჯახი ვარკეთილში ცხოვრობს.

ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

ის საკუთარ სახლში მოკლული გამთენიისას იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები