24 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
პოლიტიკური ნიშნით დევნა და რეპრესიები ზესტაფონის მერიაში-ყოფილი თანამშრომლები მერს უპირისპირდებიან

ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ნეპოტიზმსა და პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებენ. მათ შორის ერთ-ერთი, ვინც სამსახურიდან მერთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო გაათავისუფლეს, მალხაზ ვეკუაა. ის კახაბერ მახათაძის მერად დანიშვნიდან ცოტა ხანში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დაემუქრნენ, რომ წარსულ დაპირისპირებაზე არაფერი ეთქვა.

მალხაზ ვეკუასთან ერთად პოლიტიკური შეხედულებების გამო ზესტაფონის მერიიდან 19 ადამიანი დაითხოვეს. მახათაძის ყოფილი კონკურენტი, ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, რეპრესიებზე საუბრობს.

მერიიდან დაითხოვეს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი მამუკა მახათაძეც.

ბრალდებებს უარყოფს ზესტაფონის მერი. კახაბერ მახათაძე ამბობს, რომ მერიაში ამდენი თანამშრომლის საჭიროებას ვერ ხედავს და ეს შემცირებაც ამის გამოძახილია.

კახაბერ მახათაძის პოლიტიკური საქმიანობის გარდა, პრეტენზიები მისი ფინანსური საქმიანობის მიმართაც აქვთ. "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ" მის მიერ დაფუძნებული, დღემდე აქტიური კომპანია აღმოაჩინა, რომელიც ზესტაფონის მერმა რატომღაც დეკლარაციაში არ მიუთითა.

მერს დეკლარაციაში არც მეუღლის დღემდე აქტიური სამი კომპანია მიუთითებია. ნატო შავლაყაძე შპს „მატო“-სა და შპს „თბილისის ტაქსის“ 50%-იან, ხოლო შპს „მწვანე კონცხის“ 10%-იან წილს ფლობს.

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი.

დღის ამბები