19 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
ფარული ჩანაწერებით მუქარა - თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზებზე ალაპარაკდა

მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი, რომელიც ქრთამის აღებასა და გამოძალვაშია ბრალდებული, 7 თვიან დუმილს არღვევს. ზურაბ ნეფარიძე თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზებზე ღიად ალაპარაკდა. ის ყვება, რომ 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით აღიარებით ჩვენებას ითხოვდა.

ზურაბ ნეფარიძის ადვოკატის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერში, რომელიც საკრებულოს წევრის სამუშაო ოთახშია გადაღებული, დეპუტატის პირადი ურთიერთობაა ასახული. ადვოკატის მტკიცებით ნეფარიძეს პროკურატურა ამ კადრების გასაჯაროებით ემუქრება, ამის გამო ბრალდებულმა ციხეში გუშინ თავის მოკვლაც სცადა.

ძალოვანი უწყების მხრიდან შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს ბრალდებულის შვილი და სუს-ის შენობაში გამართული შეხვედრის დეტალებს ყვება თუ როგორ ითხოვდა საქმის პროკურორი, ბექა ეჟიშვილი მას მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.

ამ განცხადებების გამო მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო. საქმის პროკურორი ბექა ეჟიშვილი ადასტურებს, რომ მტკიცებულებებს შორის არის რამდენიმე ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზურაბ ნეფარიძის სამუშაო ოთახიდან ამოიღო. პროკურორის მტკიცებით ფარული კამერები საკრებულოს დეპუტატის ოთახში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟდა, რადგან დეპუტატზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზურაბ ნეფარიძის წინააღმდეგ საქმე 2017 წლის 27 ივლისს დალი მამულაშვილის მიმართვის საფუძველზე აღძრა. მოქალაქე, რომელიც ნეფარიძემ ისნის მაჟორიტარულ ბიუროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად დაასაქმა, საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ ხელფასის ნახევარს მას დეპუტატი სძალავდა.

დღის ამბები