26 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია - პრემიერობის შესაძლო კანდიდატებად მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია განიხილებიან

ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის წასვლა გადაწყვეტილია და მალე მთავრობას ახალი მეთაური ეყოლება.

კრემლში გაგზავნილმა წერილმა, პრემიერის იმიჯთან ერთად, შესაძლოა, მისი პოსტიც შეიწიროს. გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელზე საუბარი აქტიურად სწორედ მისი ბოლო განცხადებების შემდეგ დაიწყო.

გამორიცხული არ არის, პრემიერთან ერთად, ქართული ოცნების რიგები, მმართველი გუნდის წევრების ნაწილმაც დატოვოს.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ანი მიროტაძე, ამბობს, რომ ახალ კანდიდატურებს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა უკვე განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, მამუკა ბახტაძის კანდიდატურას ლობირებს. ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, შმაგი კობახიძე კი, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას.

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, არმაზ ახვლედიანი, ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილის ჩანაცვლებისთვის ხელსაყრელ კრიზისს ელოდება.

საკადრო ცვლილებებს მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე გეგმავდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის, კრემლში წერილის გაგზავნაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმის ნაწილია, რომლითაც ყოფილი პრემიერი რუსეთს, თანაგუნდელებს და საზოგადოებრივ აზრს ერთდროულად სცდის.

დღის ამბები