საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პირადი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო მისი ოჯახის წევრებს გადასცა. ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ომის დაწყებისას, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში იგი ახალგაზრდა აფხაზმა ბოევიკებმა დაატყვევეს.
გუდაუთაში სეპარატისტების ბაზაზე ხანგრძლივი წამების შემდეგ მისი განთავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხერხდა. ომის განმავლობაში ალექსანდრე ბერულავას სოხუმი არ დაუტოვებია.