18 თებერვალი 2025,   17:26
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე შესაძლოა, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი იყოს

ბიზნესმენის მკვლელობა თბილისში - ნუგზარ კახიძე, შესაძლოა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი იყოს. 30 წლამდე მამაკაცი, ბიზნესმენის ბინაში მოტყუებით შევიდა და მას 7 ტყვია ესროლა. გამოძიებას უკვე აქვს სავარაუდოდ დამნაშავის ფოტორობოტი.

ის ბიზნესმენს ბანკის წარმომადგენლად გაეცნო და უთხრა, რომ დოკუმენტები ჰქონდა გადასაცემი. კარის გაღებისთანავე კი 58 წლის ბიზნესმენს 7 ტყვია ესროლა. დაიჭრა კახიძესთან ერთად ბინაში მყოფი ქალბატონი. სწორედ ის არის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვინც დამნაშავე დაინახა.

მკვლელობა თბილისის ცენტრში, მზიურის კოშკების საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა. თავდასხმის შემდეგ მკვლელმა კორპუსი უკანა სადარბაზოდან დატოვა. ეზოშივე გადააგდო დანაშაულის იარაღიც. პოლიციამ პისტოლეტი უკვე ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ, ბიზნესის წილების გამო დაწყებულ დავას უკავშირდება, „კურიერის“ ინფორმაციით, ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც.

მოკლული ბიზნესმენი, ნუგზარ კახიძე, ოთხი კომპანიის მოწილეა, მათ შორის სამ კომპანიაში დირექტორის პოსტს იკავებს და აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი ვარკეთილის ბაზრობა იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე "ვარკეთილი 96"-ის წილების გასხვისება იგეგმებოდა. რეესტრში განაცხადი 14 მარტს დარეგისტრირდა, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა. არსებობს ინფორმაცია, რომ პარტნიორებს შორის წილების გამო დავა სასამართლოშიც მიმდინარეობდა.

რაც შეეხება დაჭრილ ქალბატონს, რომელიც ერთადერთი თვითმხილველია, შემთხვევის ადგილიდან ჯერ კლინიკაში, შემდეგ კი ვაკის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

გამოძიება მომხდარზე ორი მუხლით მიმდინარეობს. საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა- გამოყენებისთვის აღიძრა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები