20 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
„ქართული მარშის" ულტიმატუმი ხელისუფლებას - მოძრაობა „რუსთავი 2-ის“ პიკეტირებით იმუქრება

„ქართული მარში“ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს - იმ შემთხვევაში თუ „რუსთავი 2-ზე“ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, ისინი სამაუწყებლო კომპანიის პიკეტირებით იმუქრებიან.

„ქართული მარშის“ ლიდერს, ლადო სადღობელაშვილს, აქტივისტს, მიხეილ ამისულაშვილს, ამავე მოძრაობის წევრს, გიორგი ონიანს და კიდევ ორ მხარდამჭერს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „რუსთავი 2-ზე“ თავდასხმის გამო სამართალდამცველებმა ისინი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებს ბრალს ხვალ ოფიციალურად წარუდგენენ. სავარაუდოდ, ხვალვე საქალაქო სასმართლო მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზეც იმსჯელებს.

„ქართული მარშის“ მუქარას „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა უპასუხა. ნიკა გვარამიას თქმით, მედიის პიკეტირება არის დანაშაული, რადგან ის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ წინასწარ პატიმრობაშიც დარჩებიან და ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთას მიუსჯით სასმართლო, იმიტომ, რომ ეს ძალა არის ანტიქართული. იგი ქართულ სახელმწიფო სხეულზე არის სიმსივნე და ის ნამდვილად უნდა მოაშოროს თავმოყვარე მთავრობამ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჯგუფური ხულიგნობის საქმის პარალელურად, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გაბუნიაზე სოციალურ ქსელში განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ტელეწამყვანმა სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა.

დაკითხვაზე იმყოფებოდა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, თუმცა მისი დაკითხვა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს. პოლიციის განყოფილებაში ბრეგაძემ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და ჰოსპიტალიზაცია მოითხოვა, პარალელურად, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამართალდამცველების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო. ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა ბრეგაძეს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს, თუმცა ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

დღის ამბები