გუშინ, ევროპა ლიგაზე ფენერბახჩემ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. იუნაიტედმა ევროთასებზე მეხუთე საგარეო შეხვედრა წააგო და ამასთანავე ტრავმა მიიღო პოლ პოგმამ, რომელიც მატჩის 30-ე წუთზე შეცვალეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გვერდით ხაზთან ფენერბახჩეს დანიელ მცველს, სიმონ კიაერს უხეშად ეთამაშა, შემდეგ მცველი "იბრას" ბურთის მოწოდების საშუალებას არ აძლევდა. ამ ფაქტმა ზლატანის გაღიზიანება გამოიწვია და მეტოქეს ყელში წვდა. იბრაჰიმოვიჩის დამშვიდება იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სცადა. სიტუაცია მატჩის არბიტრმა განმუხტა, რომელმაც ფეხბურთელები სიტყვიერად გააფრთხილა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა იბრაჰიმოვიჩს ამ ფაქტის შესახებ დაუსვეს კითხვა. შვედმა თავდამსხმელმა კი მოკლედ უპასუხა - "არაფერი განსაკუთრებული."
ევროპა ლიგის A ჯგუფში მანჩესტერ იუნაიტედი 6 ქულით მესამე ადგილს იკავებს. მის მეტოქეებს - ფენერბახჩეს და ფეინოორდს კი თანაბარი 7-7 ქულა აქვთ.