16 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ნოემბრის ტესტებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. 

შეხვედრაში ანგარიში იაპონელმა მორაგბეებმა კონტრშეტევა შემდეგ დადებული ლელოთი გახსნეს, თუმცა გარდასახვის ზუსტად შესრულება ვერ მოახერხეს. რამდენიმე წუთში კი მოპოვებულ 5 ქულას ჯარიდან მოპოვებული 3 ქულა მიუმატეს და 0:8 დაწინაურდნენ. მატჩის 28-ე წუთზე ვიტო კოლელიშვილმა ქართველების ხანგრძლივი შეტევა ლელოთ დააგვირგვინა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა.

პირველი ტაიმის მიწურულს ვასილ ლობჟანიძის შესანიშნავი გარღვევა სადავო დამიწებით დასრულდა, თუმცა მსაჯმა ლელო ჩათვალა და კვირიკაშვილის გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა. პირველი ტაიმი ქართველებმა 12:8 მოიგეს. 

მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა შეტევაში კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს კონტრშეტევის შედეგად დადებული ლელოთ დაწინაურების საშუალება მისცეს, თუმცა ქართველებმა 5-წუთიან მონაკვეთში 10 ქულის მოპოვება შეძლეს და ანგარიშში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს - 22:13. 

შეხვედრის 62-ე წუთზე იაპონელებმა ეფექტური შეტევა განახორციელეს და ლელო-გარდასახვით ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. ამ ეპიზოდიდან 2 წუთში კი კიდევ ერთი ლელო მოიპოვეს და 22:25 დაწინაურდნენ. 

დარჩენილ დროში იაპონელებმა ჯარიმის გატანა მოახერხეს და საბოლოო ანგარიში 22:28 დააფიქსირეს. 

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს სამოას წინააღმდეგ გამართავს. 

დღის ამბები