ესპანური გამოცემა Marca სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს - ლიონელ მესიმ ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
29 წლის არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულება 2018 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული. კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად კი მსურველ გუნდს მესის შეძენა 250 მილიონი ევრო დაუჯდება.
Marca-ს ცნობით, მესის ბარსელონადან წასვლის მთავარი მიზეზი ესპანეთის საგადასახადო სამსახურებთან შექმნილი პრობლემებია, რის გამოც ბოლო წლებში შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა და ასევე, ფეხბურთელს 21 თვიანი პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი. უცხოური მედია კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს - მესი ბარსელონასგან ანაზღაურების სახით 50 მილიონ ევროს ითხოვდა, რაც კლუბს ფინანსურ ფეირ-ფლეისთან პრობლემებს შეუქმნის და ამის გამო ბარსელონას ხელმძღვანელობა იძულებული იყო ფეხბურთელის მოთხოვა არ დაეკმაყოფილებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მესის მომავალი გუნდი მანჩესტერ სიტი იქნება, რომელსაც ბარსელონას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ხელმძღვანელობს.
მესის ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. არგენტინელ ფეხბურთელს ბლაუგრანას რიგებში 547 მატჩი აქვს ჩატარებული და 472 გოლი გატანილი.