19 მაისი 2024,   11:47
ვრცლად
ტრაგედია სვანეთში - მაშველები, უკვე 24 საათზე მეტია, მდინარე ნაკრაში გადაჩეხილ სამ მე-12 კლასელს ეძებენ

უკვე 24 საათზე მეტია, მაშველები სვანეთში, მდინარეში გადაჩეხილ მოზარდებს ეძებენ. მე-12 კლასელები სოფელ ჭუბერში გამართული დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, მანქანა მოუსრიალდათ და მდინარე ნაკრაში გადავარდნენ.

მაშველებმა დღეს მდინარიდან ავტომობილი ამოიტანეს, სკოლის მოსწავლეების ძებნა კი ამ დრომდე სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს. თუ ამინდმა ხელი შეუწყოთ, მდინარეში მყვინთავებიც შევლენ.

სოფელ ნაკრას სკოლის მასწავლებელი ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომელიც შემთხვევის ადგილზე მთელი დღე სამაშველო ღონისძიებას პირადად ადევნებს თვალს. მაშველები, ოჯახის წევრები და ადგილობრივები, უკვე 24 საათზე მეტია, ეძებენ მდინარე ნაკრას ხეობაში ავტომობილით გადავარდნილ სამ მოზარდს.​ 

გიორგი და ეკა ვიბლიანები, საბა გვარმიანი ახლო ნათესავები არიან. ისინი სოფელში ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მაისობის დღესასწაული აღინიშნებოდა.

დღის ბოლოს, მაშველებმა მდინარეში გადაჩეხილი ავტომობილი ამოიყვანეს. "კურიერის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სატრანსპორტო საშუალება მთლიანად განადგურებულია. იმედი, რომ მოზარდებს ავტომობილში იპოვიდნენ, არ გამართლდა.

სამაშველო სამუშაოები მდინარე ენგურზეც დაიწყო. რთული კლიმატური პირობების გამო, მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება უწევთ.

უბედურ შემთხვევას ადგილობრივები ამინდის გაუარესებას უკავშირებენ. ამბობენ, რომ ჭუბერიდან ნაკრას მიმართულებით მოძრავი ავტომობილი წვიმიან გზაზე მოცურდა, ჯერ ხევში გადაიჩეხა, შემდეგ კი ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

ნაკრას ხეობასა და მდინარე ენგურზე საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელია ჩართული.

დღის ამბები