02 ივნისი 2024,   04:12
ვრცლად
ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა, ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არის რუსული, გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ კანონი არც ევროინტეგრაციას შეაფერხებს - ირაკლი კობახიძე

ბევრმა ადამიანმა უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არის რუსული, გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ კანონი არც ევროინტეგრაციას შეაფერხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook გვერდზე წერს.

კობახიძის განცხადებით, ღირსებით შედეგს ყველა მიმართულებით მიაღწევენ.

"ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა, ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე," - წერს ირაკლი კობახიძე.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს სთავაზობს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო საჯარო დისკუსიას გამართავს.

 

დღის ამბები