18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში თბილისის მერი მიდის - პარლამენტში მწვავე დაპირისპირებას ელოდებიან

საკანონმდებლო ორგანოში დღეს თბილისის მერი მიდის - პარლამენტში მწვავე დაპირისპირებას ელოდებიან. კახი კალაძისა და დეპუტატების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და მასთან დაკავშირებული საკითხებია.

შეხვედრაში პარლამენტისა და საკრებულოს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები მიიღებენ მონაწილეობას. გენერალური გეგმის საჯარო განხილვამ გუშინ თბილისში ხმაურიანად ჩაიარა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს დედაქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცება.

„დროის გაჭიანურება ამ შემთხვევაში წყალს ასხამს იმ ბიუროკრატებზე და იმ ჩინოვნიკებზე, რომლებიც ძირითადად ფიქრობენ თუ საიდან მიიღონ დამატებითი შემოსავალი თბილისიდან. ასე რომ მოგვიწევს სერიოზული ომი თბილისის მერიასთანაც და თბილისის საკრებულოსთანაც, რომ რაც შეიძლება დავაჩქაროთ თბილისისთვის გენერალური გეგმის დამტკიცება,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

„ევროპული საქართველო“ კახა  კალაძის გუნდს გენერალური გეგმის ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს.

„წყალში ჩაყრილი გამოდის ის მილიონობით, ლარი, რომელიც გენგეგმის შემუშავებას დასჭირდა. როგორც ჩანს ისინი ახლა უარს იტყვიან დოკუმენტის დამტკიცებაზე, ხოლო შემდგომ დაიწყება კვლავ მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი ახალი პროექტი,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

თბილისის მერიაში კი გენგეგმასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე საუბრობენ.

„მიგვაჩნია, რომ იმ ფორმით, როგორითაც ეს იყო საბოლოო ჯამში წარმოდგენილი, მისი განხორციელებადობა დგება სერიოზული ეჭვის ქვეშ. განხორციელების ეტაპები გენგეგმის, რომელიც არის საფუძველი იმისა, რომ გეგმა განხორციელდეს და ასევე მონიტორინგი დაწესდეს მის განხორციელებას, ეს ჩვენთვის ცოტა გაუგებარია,“-განაცხადა მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

დღის ამბები