19 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
ნარკოტრეფიკის საქმის ახალი დეტალები - 2012 წელს ირაკლი ქორიძის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებას ეკა ბესელია უარყოფს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული - ნარკოტრეფიკის საქმის ახალი დეტალები კურიერისთვის ცნობილი გახდა.

კურიერის ინფორმაციით, ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის გუშინ დაკავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორი ამავე დანაშაულისთვის სასჯელს წარსულშიც იხდიდა.

ირაკლი ქორიძე 2010 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკებით დააკავეს და 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატიც ადასტურებს.

რაც შეეხება ირაკლი ქორიძეს, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

ირაკლი ქორიძის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, აღნიშნა, რომ 2012 წლის პოლიტპატიმართა სიაში ირაკლი ქორიძე არ ყოფილა. მან დამატებითი კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღარ გააკეთა.

ეკა ბესელიამ 2012 წელს, სხვა დეპუტატებთან ერთად, შეადგინა პოლიტპატიმრების სია.

ირაკლი ქორიძის ოჯახის წევრებს აქვთ დოკუმენტი, რომელსაც ხელს ეკა ბესელია აწერს და ოჯახის მტკიცებით, პოლიტპატიმრის სტატუსით სწორედ ამის გამო გათავისუფლდა.

ირაკლი ქორიძის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის, განმარტებით, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების გარდა, ქორიძის ციხიდან გამოშვებასთან დაკავშირებით სხვა მექანიზმი არ არსებობდა.

რეანიმობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი, ირაკლი ქორიძე, დააკავეს. შსს-ის ცნობით, ქორიძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის საზღვარზე უკანონოდ გადმოსატანად გეგმა წინასწარ შეიმუშავა.

დღის ამბები