26 დეკემბერი 2024,   14:23
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო

საპარლამენტო უმრავლესობის დაანონსებული სხდომა დღეს აღარ გაიმართება. „ქართული ოცნების“ ერთმანეთთან დაპირისპირებული წევრები მოლაპარაკების მაგიდას სავარაუდოდ შაბათს, პრემიერ-მინისტრთან ერთად მიუსხდებიან.

კვლავ უცნობია, დაესწრება თუ არა ამ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ყოფილ პრემიერთან კონსულტაცია არ ჰქონიათ.

შეხვედრის გადადების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ბიძინა გეგიძე. მისი თქმით, უმრავლესობის წევრთა ნაწილი თვლის, რომ შეხვედრა კარგად დაგეგმილი უნდა იყოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.  

„მე ვიყავი ინიციატორი კოლეგებთან ერთად, რომ ეს შეხვედრა გადადებულიყო. ეს შეხვედრა გაცილებით სოლიდურ დროს მოითხოვს მოსამზადებლად, რადგან ამ შეხვედრაზე ბევრი პრობლემატური და აქტუალური საკითხის განხილვა უნდა მოხდეს,“-აცხადებს ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე.

შეხვედრის გადადებას მხარს უჭერს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, რომელიც ე.წ. ურჩი დეპუტატების სიაშია. მისი თქმით, სხდომა შაბათს არ უნდა გადასცდეს და მასზე დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრება არ უნდა მოხდეს.

„მე მგონი უპრიანია ეს გადადება, ოღონდ თუ შაბათის იქით და ასე გადაგორება მოხდება მაშინ, რა თქმა უნდა უკვე ცუდია. დასჯაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი, ლაპარაკია იმაზე, რომ მოვნახოთ ის წერტილი, რომელიც არის შეთანხმების და არ ვაზარალოთ ქვეყანა ჩვენი უთანხმოებით“-აცხადებს ქანთარია.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის სხდომაზე დასწრების საკითხს, უმრავლესობის დეპუტატი, გედევან ფოფხაძე თვლის, რომ უმრავლესობის სხდომაზე მისი დასწრება არ იცის რამდენად სწორი იქნება.

„გუშინ გაჟღერდა, რომ თითქოს მე ივანიშვილის დასწრებას მხარს ვუჭერ, მაგრამ ეს არ არის სწორი. მის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში მხარს ვუჭერ, მაგრამ უმრავლესობის სხდომაში მისი მონაწილეობა არ ვიცი რამდენად იქნება სწორი. მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამის ინიციატორები და ვთქვათ, რომ კარგი იქნება თუ ბატონი ბიძინა დაესწრება სხდომას“-აცხადებს ფოფხაძე.

დღის ამბები