22 ოქტომბერი 2018,   13:00
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლება "რუსთავი 2-ის" გაჩუმებას ცდილობს - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ხელისუფლების მიმართვას ეხმაურებიან, სადაც მთავრობა სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ „რუსთავი 2“ გააჩუმოს და არხის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.

არასამთავრობოების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო კომპანია იყოს დამოუკიდებელი და ქვეყანაში კრიტიკული აზრი არსებობდეს.

„რაც უფრო ახლოს მივდივართ არჩევნებამდე, მით უფრო სენსიტიური ხდება მმართველი პარტია კრიტიკული ინფორმაციის მიმართ და ცხადია, რომ რისკები უფრო დიდია. მათ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე შეეხება დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაარხს, ეს პასუხის გარეშე არ დარჩება და ამაზე მწვავე რეაგირება ექნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მნიშვნელოვანია, რომ დროებითი ღონისძიებები არ შეჩერდეს იმიტომ, რომ „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კვლავაც ის კითხვები გვაქვს, რაც აქამდე გვქონდა. ტელეკომპანიას არ გამოუყენებია სამართლიანი სასამართლოს უფლება,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

არასამთვრობოები აცხადებენ, რომ დროებითი ღონისძიების შეჩერების მოთხოვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არხის მიმართ პოლიტიკური დაინტერესება აქვს.

„ქალბატონი წულუკიანის მხრიდან თვის დროზევე, მათ შორის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ისეთი განცხადებები კეთდებოდა, რომელიც მათ შორის, გვიჩენდა განცდას, რომ პოლიტიკური დაინტერესება იყო ხელისუფლების მხრიდან „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირები. ეს ხაზი გაგრძელებულია,“- განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ. 

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, „რუსთავი 2-ზე“ მფლობელის შეცვლა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს, რაც დაუშვებელია.

„ხელისუფლების ინტერესში დღესაც, ალბათ, რჩება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელობა შეიცვალოს, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს მის სარედაქციო პოლიტიკაზე,“- განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები