25 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
"ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს ტამპონი ბავშვის მუცელში" - "იაშვილის" კლინიკის ექიმებს 2 წლის გოგონას დედა სასიკვდილო შეცდომაში ადანაშაულებს

სკანდალი "იაშვილის კლინიკის" ირგვლივ - 2 წლის ნენე მოდებაძის მშობლები კლინიკის ქირურგსა და თერაპევტებს სასიკვდილო შეცდომის დაშვებაში ადანაშაულებენ. ბავშვს ოპერაცია იაშვილის კლინიკის ექიმებმა 2 თვის ასაკში გაუკეთეს.

ქირურგმა ბავშვს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი დაუტოვა.  ერთი წლის შემდეგ ბავშვს ოპერაცია უკვე საფრანგეთში ჩაუტარდა, სადაც ექიმებმა ერთი წლის წინ დატოვებული დოლბანდი აღმოაჩინეს.

„ხუთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, შუშით ტამპონი გამომიტანა და მითხრა, აი ნახე, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა სტანჯავდაო.

ბავშვს ორი თვის ასაკში ჩაუტარდა ოპერაცია, "იაშვილის კლინიკაში" და აქ რომ ჩამოვედით ბავშვი იყო წლის და 2 თვის, ოპერაცია რომ ჩაუტარდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს ეს ტამპონი ბავშვის მუცელში.

ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს ბავშვი. ეს, რაც თქვენ დაგემართათ აფრიკის ქვეყნებში არ ხდებაო, საიდან ჩამოხვედიო - ზუსტად ასე მითხრა ექიმმა“ - ამბობს ნენე მოდებაძის დედა ლია ალიბეგაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღიძრა 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ოჯახის ინტერესებს საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი იცავს. ლიკა ტანიაშვილის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ "იაშვილის კლინიკისგან" ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.

„წინაპირობები არსებობს, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. მატერიალური ზიანის ანაზღაურება რომ მოვითხოვოთ გვჭირდება გარკვეული დოკუმენტაციების მოძიება , რომელიც ადასტურებს კონკრეტულად რა თანხაში გამოიხატა ეს მატერიალური ზიანი. რაც შეეხება მორალურ ზიანს, კანონში პირდაპირ გვაქვს მითითება, რომ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მოთხოვნილ იქნას ეს და სწორედ ეს შემთხვევაა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას, როგორც საქართველოში არსებული დოკუმენტაციით, ასევე საფრანგეთის მიერ გაცემული მტკიცებულებით“- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი ლიკა ტანიაშვილი.

"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის" დეპარტამენტის უფროსი კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ "იაშვილის კლინიკაში" სამედიცინო დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ.

„ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაწესებულებაში შესვლის თაობაზე, როგორც კი გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილება დავიწყებთ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვას და შემდგომ პროცედურებს“- აცხადებს ნინო ხუციშვილი.

ნენე მოდებაძეს რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

"იაშვილის კლინიკაში" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

დღის ამბები