22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
ივანიშვილის მეორედ მოსვლა არის ცინიზმი - ნიკა მელია

„ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, რომ გამოვიდეს და თქვა მე ვბრუნდები იქ, საიდანაც არასდროს არ წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

ნიკა მელიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური სტატუსით დაბრუნება პარტიაში არსებული კრიზისის გამო გადაწყვიტა და არა ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის გამო.

„ესეც ცალკე ტრაგედია, როდესაც ადამიანს მიაჩნია უბედურებად და მეორედ მოსვლა, როდესაც პარტიაში აქვს პრობლემა, იმიტომ, რომ ის, რომ ქვეყანაში მთელი ექვსი წლის განმავლობაში მართლაც მეორედ მოსვლაა და ტრაგედია ტრიალებს, მას არარად არ მიაჩნია, მაგრამ სანამ მუშტი-კრივი არ გამართეს ერთმანეთს შორის „ქართულ ოცნებაში“ და სანამ უბრალოდ არ აგინებენ ღია საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას, ეს ადამიანი თვლიდა, რომ არაფორმალური მმართველის ამპლუა ჩემთვის კომფორტულია, რომ თან ვმართავ და თან ხეებს გადავრგავ. აღარ იყიდება, აღარ დარჩა მგონი, საზოგადოებაში არავინ, ვინც ამას დაიჯერებს, რომ ბატონი ივანიშვილი საიდანღაც ახლა დაბრუნდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობაზე ბრუნდება. 

გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი მის შეთავაზებას დათანხმდა. 

ივანიშვილი პარტიას ოფიციალურად ყრილობის შემდეგ უხელმძღვანელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები