„ღია პლატფორმა“ - ამ სახელწოდების ერთობა ამსტერდამში ცოტა ხნის წინ შეიქმნა. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დღეს ამსტერდამში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჩავიდა და ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმება შედგა. ერთობის სამუშაო სახელწოდებაა „ღია პლატფორმა.“ ერთობის საბოლოო მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა.
დახურულ კარს მიღმა საუბარი, რამდენიმე საათი ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნაზე მიმდინარეობდა.
„აბსოლუტურად ღიაა კარები ყველასთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინდივიდუმების გაერთიანება. ყველა ასაკის, სქართველოს პატრიოტების, ქართული საქმის მკეთებლების. ჩვენ ქრისტიანულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამავე თემაზე ისაუბრა პოლიტიკური მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ, რომელიც აცხადებს, რომ მთავრი მიზანი ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა.
„ჩვენი ცალსახა მიზანია, რომ დავასრულოთ ოლიგარქატი, ეს პოლიტიკური ერესი საერთაშორისო გაგებით, ნაციონალური გაგებით, ეროვნული გაგებით და ყველა იმ ისტორიული თვალსაზრისით, ყველა იმ ღირებულებრივი თვალსაზრისით, რომელიც ქართველმა ხალხმა ევროპელ ხალხებთან ერთად შეიმუშავა საუკუნეების განმავლობაში,“ - აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია მზადყოფნას გამოთქვამს, აწარმოოს დიალოგი ყველასთან გარდა ერთისა, „ქართული ოცნებისა.“
„მიგვაჩნია, რომ ძალა ერთობაშია. მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით, ერთიანი მოქმედებით, კოორდინირებული მოქმედებით, გააჩნია ფორმებს ამ ერთიანობის, მივაღწევთ შედეგს,“ - აცხადებს პაატა დავითაია.
მიუხედავად იმისა, რომ „ღია პლატფორმა“ რამდენიმე საათის წინ შეიქმნა, კონსულტაციებში მონაწილე ოპოზიცის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავეს.
საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ სამუშაო პროცესი საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარების შეცვლის ერთადერთი გზა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაა.
„არ შეიძლება დაჯდე კარტოჟნიკთან, შულერთან კარტის სათამაშოდ, იმიტომ რომ ყოველთვის მოგატყუებს. რა კარტებიც არ უნდა გქონდეს, რა დარწმუნებულიც არ უნდა იყო, იმ თამაშის წესებით არ უნდა ითამაშო. ერთადერთი შანსი ივანიშვილის დამარცხების და ამ შულერის დამარცხების არის, რომ მაგიდა აუყირავო, სადაც ის გეთამაშება და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მოქმედებებით,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.