ორი გარდაცვლილი და 10 -ზე მეტი მოწამლული ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - ეს ის მონაცემებია, რომელიც „კურიერმა“ გაარკვია, თუმცა, კიდევ რამდენი ადამიანი დაზარალდა ახალი თაობის ნარკოტიკით, უცნობია.
ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის 4 ახალგაზრდა, რომელიც კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ახალი თაობის ნარკოტიკის სავარაუდო მსხვერპლი 22 წლის გოგონაცაა. ის შაბათს, ღამის კლუბ "ბასიანიდან" სახლში გამთენიისას დაბრუნდა, რამდენიმე საათში კი საძინებელში მშობლებმა გარდაცვლილი ნახეს. ვარაუდობენ, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი აბაზანის მარილი-იგივე მეფედრონია, რომელიც გარდაცვლილმა კლუბში ყოფნის დროს მიიღო.
სავარაუდოდ მეფედრონი გახდა ასევე 22 წლის ბიჭი გარდაცვალების მიზეზიც. რომელიც ერთ-ერთი ღამის კლუბიდან პირდაპირ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის რეანიმაციაში აყვანამდე მიმღებში გარდაიცვალა.
"მეფედრონი" იგივე აბაზანის მარილი ქართული ბაზრისთვის ახალია. იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს. აბაზანის მარილს ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან. ზედოზირება კი უეცარ სიკვდილის მიზეზი ხდება.