19 დეკემბერი 2024,   08:00
ვრცლად
მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს - შს მინისტრის მოადგილე 

„შსს-ს პოზიცია არის, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს,“ - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ზოგიერთი ჯგუფები გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ნაკლებად მავნებლობაზე საუბრობენ, რაც მეზვრიშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულს ახალისებს.

„ეს ადამიანები ამბობენ, რომ მაგალითად, პირობითად ვამბობ, "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები ან კიდევ ჰეროინი, არ კლავს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მსჯელობები, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ახალისებს ნარკოდანაშაულს, მხოლოდ და მხოლოდ ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას, ხელს უშლის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარკოდანაშულის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ 10 დღეში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.

მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

კომიტეტებში ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა ერთი თვით გადაიდო.

დღის ამბები