20 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
"შავი პარასკევი პოლიციური ტერორის გამოვლინება იყო" - რუსთაველზე საპროტესტო აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე გრძელდება

„ჩვენი თავისუფლებისთვის“ - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ წუთებში აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

მანამდე კი აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამის მიზეზი მოქალაქეთა ჯგუფის მიერ პარლამენტის შენობასთან გამართული კონტრაქცია გახდა. აქციის მცირერიცხოვანმა მონაწილეებმა ადგილზე მყოფებს 9 აპრილის მემორიალთან ყვავილების დაწყობის საშუალება არ მისცეს.

რუსთაველზე შეკრებილები პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და ასევე ნარკოპოლიტიკის დროულ რეფორმას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა მიმართა.

„აქ არ დგას საკითხი იმაზე, რომ ნარკოტიკები გვინდა, არც იმაზე, რომ ბარიგები გვინდა. რა ხდება დღეს, ვის ებრძვის სახელმწიფო - მომხმარებლებს, დევნის მათ მუდმივად და მთელ რესურსს, რომელიც უნდა იხარჯებოდეს სწორედ ბარიგების დევნაში, ახარჯავს ხალხის დევნას. ეს უნდა დასრულდეს და ამისთვის ვიბრძვით. 12 მაისი - შავი პარასკევი, როგორც უკვე შევარქვით, იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოვლინება პოლიციური ტერორის, პოლიციური ძალადობის, დევნის, შანტაჟის, მუქარის, დაშინების, სხვა არაფერ მიზანს ის რამე არ ატარებდა რეალურად. როგორც არ უნდა შეფუთონ ვიღაცებმა და აიტაცონ, რომ ეს იყო ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, მოდი რა, დააჯერონ ხახვს. თუ მათ რეალურად სურთ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, ეძებონ საკუთარ რიგებში, სისტემის მაღალ ეშელონებში, იმ ადამიანებში, რომლებმაც გაბედეს და ერთი თვის განმავლობაში რვა ადამიანი მოგვიკლეს, რვა ადამიანი, რაც ვიცით და რაც არ ვიცით,“- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები