დიღმის მასივში 16 სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოვარდა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის ჩამონგრევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში ტერიტორია ლენტებით არის შემოსაზღვრული.
ბეტონის ჩამონგრევის მიზეზებს, სავარაუდოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორია დაადგენს.
ადგილობრივების თქმით, კორპუსთან ხალხმრავალი ეზოა, ასევე ახლოს მდებარეობს სკოლაც, შესაბამისად, ტერიტორიაზე მოზარდები ხშირად იმყოფებიან.
დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 39-ე კორპუსის მცხოვრებლებმა ადგილიდან ავტომობილები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
„ეს ბინები, რაც აშენდა და განაწილდა, არავის გაურემონტებია. 38-ე კორპუსი რომ ნახოთ, რა მდგომარეობაშია, მალე ისიც ჩამოინგრევა. წყალი ჩამოდის ლიფტში, სადარბაზოში, როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. ასჯერ მივმართეთ, მივაკითხეთ, კაცი-შვილი ამას არ კითხულობს,“- აცხადებენ ადგილობრივები.