25 დეკემბერი 2024,   09:22
ვრცლად
საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს - ანა ნაცვლიშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება 

საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. 

ანა ნაცვლიშვილი საქართველოს საპატრიარქოს მიერ სამაუწყებლო "რუსთავი2"-თან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც საპატრიარქო სამღვდელოებას და მრევლს "რუსთავი2"-ის ბოიკოტირებისკენ, ხელისუფლებას კი საზოგადოების დამცავი სამართლებრივი მექანიზმების შემოღებისკენ მოუწოდებს. 

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეკლესიას ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს, თუმცა მისი თქმით, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მედიასაშუალებებზე. 

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, ეკლესიას ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას მაგალითად, არ ეთანამშრომლოს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე და ისინი იყვნენ დაცული იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცენზორი არ უნდა გახდეს. 

„ხელისუფლება ვერ გახდება ცენზორი, ეს არის დაუშვებელი იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა საკითხები. ცენზურა არის დაუშვებელი, ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და არასდროს საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მანძილზე არ ყოფილა თეოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ მუდმივად ვიყავით სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება და ეკლესია არის გამიჯნული და მათ აქვთ თავიანთი ფუნქციები და მიზნები და სამოქმედო არეალი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები