26 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
მთავარ პროკურორს შეეშინდა... გაკვირვებული ვარ ასეთი დესტრუქციული პოზიციით - ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველები

„მას უნდოდა, რომ მარტო შევეტყუებინე, ასე რომ ვთქვათ იქ და ალბათ, განახორციელებდა აბსოლუტურ ზეწოლას ჩემზე, როგორც განახორციელეს ყველა მოწმეზე აბსოლუტურად ამ საქმესთან დაკავშირებით,“- ეს განცხადება დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურას კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს და სწორედ ამიტომ არ შეუშვეს ის უწყებაში თანმხლებ პირებთან ერთად.

„მიზეზად მოიდეს ის, რომ თითქოს ეს არასრულწლოვნების საკითხს ეხება. ჩვენ არ შევდივართ სასამართლო პროცესზე, ჩვენ შევდიოდით გენერალურ პროკურორთან, რომელთანაც გვქონდა კონკრეტული კითხვები და კონკრეტულ კითხვებზე უნდა მიგვეღო პასუხები. ჩვენ არ ვაპირებდით იქ დასახელებას კონკრეტულად ის რატომ არ არის და ეს რატომ არ არის. ამასთან დაკავშირებით, უკან დაიხია, ასე, რომ ვთქვათ, შიშის ფონზე, ზვიად კუპრავას შეეშინდა თუ ბატონი ალექსანდრესი, რომლის?“ - განაცხადა სარალიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპარავა აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს მწვავე კითხვების მოსმენის შეეშინდა, რადგან მას პასუხები არ აქვს.

„როგორც ჩანს, მთავარ პროკურორს შეეშინდა ამ მწვავე კითხვების, მას არ უნდოდა, როგორც ჩანს, მოესმინა ვინაიდან მას დარწმუნებული ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე პასუხები არ ექნებოდა, უბრალოდ,“ - განაცხადა კუპრავამ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მათ პროკურორთან შესვლის უფლება ჰქონდათ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოზე ზაზა სარალიძის ინტერესებს იცავს.

„გაკვირვებული ვარ ასეთი დესტრუქციული პოზიციით, ვინაიდან "ადამიანის უფლებათა ცენტი" არის სასამართლო პროცესებზე ჩართული, ჩენი ორგანიზაციის წარმომადგენელი იცავს ორდერით ზაზა სარალიძის ინტერესებს. ეს ორდერი გაცემული არის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ და მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ჩემი მონაწილეობა ამ შეხვედრაში მომხდარიყო,“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები