19 დეკემბერი 2024,   09:12
ვრცლად
"ნუ მომკლავ!" - აქციის მონაწილეები მურუსიძის, ჩინჩალაძის, გვენეტაძის და სუბელიანის გადადგომას ითხოვენ  

მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე, სუბელიანი - ამ ოთხი პირის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ რუსთაველზე პარლამენტის წინ შეკრებილები.

პროკურატურის წინ გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე გადმოინაცვლეს.

„მურუსიძე გადადგეს, მას მიჰყვეს ჩინჩალაძე, დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გადადგეს გვენეტაძე და მას მიჰყვეს კიდევ ერთი ჭანჭიკი სუბელიანი,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავას თქმით, ამ მოთხოვნების შესრულება აჩვენებს, რომ სისტემა მნიშვნელოვანწილად ჩამოიშალა.

ზვიად კუპრავამ კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას, რომ არ წამოაყენონ ახალი პირი პროკურორის თანამდებობაზე. 

კუპრავას თქმით, ზაზა სარალიძესთან ერთად შეიქმნება საზოგადოებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იურისტებიც იქნებიან და სწორედ ისინი წარუდგენენ პარლამენტს შესაბამის კანდიდატს.

აქცია პროკურატურასთან დღეს დილიდან იმართება. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო. ირაკლი შოთაძემ, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

დღის ამბები