27 დეკემბერი 2024,   14:23
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ენმ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება.

რომან გოცირიძის განცხადებით, „ენმ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

საპარლამენტო უმცირესობას და მმართველი გუნდის წევრებს შორის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის სახით „ევროპული საქართველო“ იქნება წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კომისიის შექმნას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხარს უჭერდნენ, თუმცა, ახლა კომისიის შექმნა დროის გაწელვის მცდელობად მიაჩნიათ.

„ამ კომისიის შექმნა არ იყო ჩვენი ინიციატივა, ჩვენ ვუჭერდით მხარს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ჩვენ ახლა გვგონია, რომ ეს კომისია არის ტაქტიკური სვლა უმრავლესობის მხრიდან, რათა იქნას სიტუაცია გადაყვანილი ქრონიკულში, ეს არის დროის გაწელვის ერთ-ერთი ფანდი და კაბინეტული სიმართლის ძიების იმიტაცია. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ კომისიის მუშაობაში არ მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამოძიების მიზნით იქმნება.

დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა „ევროპულ საქართველოს“ ექნება და კომისიის თავმჯდომარეც საპარლამენტო უმცირესობიდან შეირჩევა.

დროებითი კომისიის შექმნის ინიციტივით „ევროპული საქართველო“ გამოვიდა.

დღის ამბები