26 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ექსკლუზივი - სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დათო სარალიძისთვის და ლევან დადუნაშვილისთვის მიყენებული ჭრილობებია აღწერილი

კურიერმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა მოიპოვა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ჭრილობა, რომელიც 16 წლის დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს ხორავას ქუჩაზე მიაყენეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სარალიძეს ჭრილობები გულმკერდის, მუცლის და ბარძაყის მიდამოებში ჰქონდა მიყენებული. ცხედრის დეტალური დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ყველა ჭრილობა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით ან საგნებით იყო მიყენებული.

ვინ მიაყენა 16 წლის დავით სარალიძეს დაზიანებები, ამ შეკითხვას ექსპერტიზის დასკვნა ვერ პასუხობს.

მოკლული დავით სარალიძის მამა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. ზაზა სარალიძეს მიაჩნია, რომ დოკუმენტზე ხელმომწერმა სპეციალისტებმა ბევრი დეტალი დამალეს, მუშაობის დასრულების შემდეგ კი გააფუჭეს ყველა ის მასალა, რომელსაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე რეალური სურათის აღდგენა შეეძლო.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქმეში უფრო მეტი სიცხადე დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნამ შეიტანა. მისი თქმით, მაია ნიკოლეიშვილმა აღწერა დაზიანებები, რომლებიც საქმეში არსებული დანებისგან გამოწვეული არაა და რომლებიც აჩენენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ სარალიძის მკვლელობისას თანატოლებმა სხვა საგნებიც გამოიყენეს.

სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები საქმეში არსებული დანებით მიყენებული არა აქვს. სახელმწიფო დასკვნაში მთავარ მტკიცებულებებს პირობითი ნომრები აქვს მინიჭებული. დანა ნომერი ერთი პოლიციამ მკვლელობის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოიღო, დანა ნომერი ორი კი - შემთხვევის ადგილიდან.

ექსპერტების დასკვნით, დანა ნომერი ერთის სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 21,2 სანტიმეტრია, საიდანაც მჭრელი ნაწიბური მხოლოდ 8,9 სანტიმეტრს აღწევს. მცირედი განსხვავებაა დანა ნომერი ორის პარამეტრებში. მისი სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 24,1 სანტიმეტრია, მჭრელი ნაწიბური კი - 9,2 სანტიმეტრი.

დანების მჭრელი პირის სიგრძე და სასიკვდილო ჭრილობების სიღრმე ერთმანეთს არ ემთხვევა. დასკვნით ირკვევა, რომ ჭრილობები უფრო ღრმაა, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ამოღებული დანები მკვლელობის იარაღი არ არის.

ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას მიმართ პრეტენზიებს რამდენიმე თვეა, გამოთქვამს. ეჭვების მეორე ადრესატის ვინაობას საჯაროდ არ ამბობს, რადგან ის ჯერ ისევ არასრულწლოვანია. თუმცა, კურიერის შეკითხვაზე პასუხად არ უარყოფს, რომ მეორე მოზარდი, ვინც, მისი ინფორმაციით, მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, სასულიერო პირის შვილია. სარალიძე ამბობს რომ ამის მტკიცებულება სასამართლოში თავად პროკურატურამ მიიტანა, თუმცა, არასწორ დროს.

ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გაყალბებულია. შვილმოკლული მამის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება გამოძიების პირველივე დღეებში შინაგან საქმეტა სამინისტრომ დაიწყო.

ზაზა სარალიძისთვის გასაკვირია ის ფაქტიც, რომ 15-ტომიან საქმეში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, გამოკითხვის ოქმი არ დევს მაშინ, როცა ყველა იმ მშობლის ჩვენება არსებობს, ვისი შვილიც პირველ დეკემბრის სისხლიანი დაპირისპირებისას ხორავას ქუჩის 4 ნომერთან იყო.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ბოლომდე დადგენილი არც ის იარაღია, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა ლევან დადუნაშვილს მიაყენეს.

სასამართლომ მისი მკვლელობისთვის 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღვეთა ერთ არასრულწლოვანს მისცა, თუმცა, სახელმწიფო ექსპერტიზის დოკუმენტის მიხედვით, მსჯავრდებულის დანის და დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობის პარამეტრები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

 

დღის ამბები