22 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადებები გაკეთდა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა - მცურავი სავალუტო კურსის გამო, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად ეკონომიკური წარმატებისა, ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული ადამიანია. 

„კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახისათვის, საკუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ გუნდიც ძალიან მოტივირებული იყო ამ მიზნით მოქმედებისთვის,“ - გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებულია. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს. 

ჯერ კიდევ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ყველა ლიდერი უარყოფდა, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა. დღეს დილით კი პარლამენტის წევრების ნაწილმა მას მოუწოდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

 

დღის ამბები