„უცნაური მდგომარეობა გვაქვს, გადადგა მთავრობა და სახელმწიფოში კი არაფერი შეიცვლება, რადგან მართვის მთავარი პრინციპი არ შეიცვლება, რომელიც მორგებულია ბიძინა ივანიშვილის გემოვნებასა და სურვილებზე,“- ეს განცხადება, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ნინო გოგუაძე „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ოპოზიციის წევრი პრემიერი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
„მოხდა ის, რაც გუშინ უნდა მომხდარიყო. კარგად ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება ჰქონდა მიღწეული. გუშინ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, გუნდმა შესთხოვა ბატონ ბიძინას, რომ გადადგომა გადადებულიყო გარკვეული პერიოდით, რადგან არ დაკავშირებოდა საპროტესტო აქციებს და დაკავშირებოდა ეკონომიკურ გამოწვევებს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ეს თხოვნა შეუსრულა, შეუსრულა ერთი დღით,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ნინო გოგუაძემ გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
„გიორგი კვირიკაშვილი დეკემბერში, როდესაც წონასწორობიდან ასე გამოვიდა, იგი გავიდა პრემიერობიდან და გიორგი კვირიკაშვილიდანაც კი, მისთვის არადამახასიათებელი ლექსიკით ისაუბრა ცხადი გახდა, რომ მის გარშემო უკვე შიდა ინტრიგები მიმდინარეობდა. ეტყობა რაღაც საკითხზე დამოუკიდებლობა გამოავლინა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ისჯება. ივანიშვილს კვირიკაშვილის მოხსნა გადაწყვეტილი ჰქონდა,“- აღნიშნა გოგუაძემ.
მან კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელებზე ილაპარაკა. გოგუაძის თქმით, აუცილებლად უნდა შეიცვალოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. ის ვარაუდობს, რომ მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას არ დაიკავებენ. ნინო გოგუაძის განცხადებით, იყო მინიშნება, რომ მამუკა ბახტაძე შეიძლება იყოს მთავრობის მეთაური.