გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პრემიერის გადადგომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე ღიად ალაპარაკდა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მნიშვნელოვანი ჩავარდნა ჰქონდა და მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა.
"ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია საჭირო.
"მინისტრთა კაბინეტს თვისობრივი ცვლილებები სჭირდება და ჩვენ ამას ყველაზე მეტი, 21 დღის განმავლობაში ვნახავთ. სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. მან ბრძანა, რომ კმაყოფილია მიღწეული შედეგებით, თუმცა როგორც ობიექტური ლიდერი აღიარებს, რომ ძალიან განიცდის ბევრი ჩვენი ოჯახის სოციალურ შეჭირვებულობას. ვფიქრობ, რომ ადამიანის გადადგომის კვალობაზე დავიწყოთ მისი წარსულის შეფასება. მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის სწორი.“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
„ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ლევან კობერიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში უსამართლობის განცდაა.
„მთავარი გამოწვევა დღეს ქვეყანაში, ხალხი რატომაც გამოდის ქუჩაში, არის უსამართლობის განცდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვქონდეს სამართლიანობის განცდა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვსაუბრობდეთ არა კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაზე, არამედ იმ შტოს პასუხისმგებლობაზე, რომელიც სამართლიანობაზე არის პასუხისმგებელი. ეს არის მთელი სისტემა პროკურატურიდან დაწყებული, შსს, საგამოძიებო სისტემით, სასამართლო სისტემის ჩათვლით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ მოქალაქეებს არ გააჩნდეთ უსამართლობის განცდა,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.