26 ივნისი 2019,   07:02
ვრცლად
ინტერვიუ ციხიდან - პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან შურისძიების სამიზნე გახდა

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი, ნუგზარ ქავთარაშვილი, რომელსაც აჭარის პოლიცია იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-გადაზიდვას ედავება, ამტკიცებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის ინტერესის მსხვერპლი გახდა.

პანკისელმა ნუგზარ ქავთარაშვილმა ციხიდან  ინტერვიუ „კურიერს“ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრე მისცა. სამი მოსამართლე გახმაურებულ საქმეზე განაჩენს ორშაბათს გამოაცხადებს.

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი მის დაკავებას და წარდგენილ ბრალს აჭარის სამხარეო პოლიციის იმდროინდელ ხელმძღვანელს უკავშირებს, რომელიც ახლა რუსთავის პოლიციის უფროსია. ქავთარაშვილი ამბობს, რომ ლაშა გოგნიაშვილს იმ სადავო საქმესთან ჰქონდა პირადი ინტერესი, რომელიც მან უხუცესთა დავალებით მოაგვარა.

ქავთარაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დუისის მკვიდრმა ციხეში პროტესტის ნიშნად 165 დღე იშიმშილა. მას ოთხი წელი აქვს მისჯილი, სადიდანაც ორი უკვე მოიხადა.

ნუგზარ ქავთარაშვილი 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისში ბათუმის პოლიციამ დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი ირწმუნება, რომ იმ დღეს პანკისიდან ცოლი, 4 მცირეწლოვანი შვილი, საოპერაციო დედა და და ჩამოიყვანა.

საქმის მასალებში კი წერია, რომ ქავთარაშვილი 2 აგვისტოს ბათუმიდან დედაქალაქში დაბრუნდა, თბილისში მივლინებით მყოფ აჭარელ სამართალდამცველებს კი მიუვიდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ მამაკაცს საკუთარი ავტომობილით იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა.

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის საქმე „ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა“ შეისწავლა. იურისტებმა დაასკვნეს, რომ ქავთარაშვილის ბრალი თეთრი ძაფითაა ნაკერი. საქმის მასალებით დგინდება, რომ ის 2 აგვისტოს ბათუმში საერთოდ არ ყოფილა.

ნუგზარ ქავთარაშვილის დაკავების დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი დაც. ნონა ქავთარაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა სხვის ინტერესებს შეეწირა და ბათუმის პოლიციამ საქმე შეკერა.

პოლიციის და გამოძიების მისამართით გაცხადებულ ბრალდებებს ძალოვან უწყებაში არ პასუხობენ.

დღის ამბები