17 სექტემბერი 2019,   13:19
ვრცლად
სპეცრაზმი პანკისის ხეობაში - სოფელ ბირკიანში ჩეჩნეთის დროშებით რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანები გამოჩნდნენ

დაძაბულობა სოფელ ბირკიანში ჩეჩნეთის დროშებით რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების გამოჩენას მოჰყვა. დღეს პანკისელებმა რამადანი აღნიშნეს და სწორედ ამ დროს სოფელ ბირკიანში 2 ავტომობილი გადაადგილდებოდა, რომლებსაც ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირის, ახმად კადიროვის ფოტოები ჰქონდათ დამაგრებული.

პანკისელების გაღიზიანება სწორედ ახმად კადიროვის ფოტომ გამოიწვია. ადგილობრივებმა მსვლელობის მონაწილეებს დროშები და ფოტოები წაართვეს.

ამ ინციდენტის გამო ახმეტის პოლიციასთან სპეცრაზმი იყო მობილიზებული, ისინი ხეობაში არ შესულან, თუმცა ადგილზე სიტუაციის განსამუხტად რამდენიმე ეკიპაჟის გაგზავნა გახდა აუცილებელი.

ვითარება პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მალევე განიმუხტა. ადგილობრივი მასწავლებელი ლუიზა მეთოშვილი ეჭვობს, რომ ხეობაში პროვოკაცია იყო დაგეგმილი და ფორმიანების გამოჩენა მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო.

კავკასიოლოგი ალეკო ჯავახაძე კი ამტკიცებს, რომ რუსულ სანომრე ნიშნიან ავტოკოლონაში ახმეტის მერის წარმომადგენელები ომალოს ტერიტორიულ ორგანოში ძმები ალხანაშვილები იყვნენ. მისთვის ასევე, გაუგებარია, რაზე იყო გათვლილი დღევანდელი მსვლელობა, რომელმაც ხეობის მცხოვრებლები ააღელვა.

ალეკო კვახაძე არ გამორიცხავს, რომ ბირკიანის ინციდენტი მაჩალიკაშვილების საქმეს, ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციას და საქართველოში გროზნოს მერის საიდუმლო ვიზიტსაც უკავშირდებოდეს.

პუტინის პოლიტიკა ჩეჩნეთში ახმად კადიროვის შვილმა, რამზან კადიროვმა განაგრძო. პანკისელები ამბობენ, რომ ხეობაში რამზან კადიროვის მომხრეები არ არიან, დღევანდელი მსვლელობა და პროვოკაცია კი ჩეჩნეთის მმართველის მხრიდან პანკისის ხეობაში ძალის მოსინჯვას ჰგავდა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები