23 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - „კურიერის“ ინფორმაციით, მმართველი გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილი განიხილება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - „კურიერის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი განიხილება. მაია ცქიტიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს.

მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებზე ღიად არ საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს გუნდი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი.

მამუკა მდინარაძის თქმით, საკმაოდ ბევრი კანდიდატი განიხილება პრეზიდენტის თანამდებობაზე. მდინარაძის თქმით, საკმაოდ ფრთხილად უნდა შეირჩეს კანდიდატი, რომელსაც დღეს მოქმედი კონსტიტუციიდან განსხვავებით უფლება-მოვალეობები შეცვლილი ექნება.

„ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიდის, არაერთი კანდიდატი განიხილებოდა სხვათა შორის და ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, ვინც შეიძლება პრეზიდენტის როლი, პოზიტიური გაგებით, კარგად მოირგოს და ის როლი შეასრულოს, რაც მითუმეტეს, ახალი კონსტიტუციით პრეცედენტულიც იქნება და ამიტომ ძალიან საფრთხილო დამოკიდებულებაა საჭირო ამ შერჩევის პროცესში. მაგრამ შერჩევის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით, ივლისის ბოლომდე ეს ამბავი არ გახმაურდება, თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჯერჯერობით, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილის დასახელებას დადებითად აფასებენ.

დღის ამბები