23 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია არც გარდამავალ და არც განახლებულ მთავრობას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტექნიკურ მთავრობას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ მხარდაჭერას ვერ მიიღებს ვერც სამი კვირის შემდეგ წარმოდგენილი ახალი მთავრობა.

"ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერების თქმით, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ხალხის დაკვეთა, რომელიც ძალოვანი უწყების სრულად შეცვლას ითხოვდა.

„მთავრობა არ იცვლება. ხალხის დაკვეთა იყო პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურებისა და იუსტიციის მინისტრის შეცვლა, ამას არ ასრულებს მთავრობა, ახალი ხალხი მოდის და ეს ახალი ხალხი მხოლოდ ერთი ნიშნით ინიშნება ეს არის,  პირადი ერთგულება ივანიშვილისადმი“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის შემადგენლობა ისევ ივანიშვილის ხელქვეითებით დაკომპლექტდება. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმცირესობა ახალ პრემიერსა და მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

„იმის გამო, რომ არსი არ იცვლება ამ მთავრობის და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითების მთავრობა შეუძლებელია, რომ ნებისმიერმა ასეთმა ცვლილებამ სარგებელი მოუტანოს ქვეყანას“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი უკვე შეთანხმებულები არიან, რომ ტექნიკური მთავრობა დეპუტატების მხარდაჭერას მიიღებს. უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრემიერობის კანდიდატს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ეს არის ტექნიკური კაბინეტი ვფიქრობ ამაში ახალი არაფერი იქნება.  შეთანხმებული ვართ, რომ ამას მხარს ვუჭერთ, შემდეგ შემოვა ცვლილებები რეალურად, ინიციატივა 14-დან 11-მდე შემცირების და შემდეგ იქნება უკვე საფუძვლიანი განხილვა, თორემ პრემიერს მხარს ვუჭერთ“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დღეს ძველი მთავრობის შემადგენლობას გაერთიანებულ კომიტეტებზე მთელი დღის მანძილზე მოუსმენენ.ძველი მთავრობისა და ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება და უკვე სამი კვირის შემდეგ მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობას წარადგენს.

დღის ამბები