12 დეკემბერი 2018,   03:53
ვრცლად
პრემიერის დამალული წარსული - მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიაში "ცენტრ პოინტ ინვესტში" მუშაობის წლები ოფიციალური ბიოგრაფიიდან წაშლილია

საქართველოს პრემიერის დამალული წარსული - მამუკა ბახტაძე, თითქმის, ორი წლის განმავლობაში კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტს ხელმძღვანელობდა, თუმცა, ეს წლები მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან წაშლილია.

ბახტაძე ამ თანამდებობაზე მაია რჩეულიშვილმა 2007 ნოემბერში დანიშნა და სადამფუძნებლო დოკუმენტების საქაღალდეში ყველა ეს საბუთი ინახება.  

კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, ასობით ადამიანის ფული მიითვისა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ცენტრ პოინტის ხელმძღვანელი, გუკა რჩეულიშვილი, ამბობს, რომ კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტი, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, მოქალაქეებისგან ინვესტიციებს ანუ ნაღდ ფულს იზიდავდა და მათ ბანკზე ბევრად მაღალ პროცენტს ჰპირდებოდა.

მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ცენტრ პოინტ ინვესტს საქართველოში 2007 წელს ასობით მოქალაქემ მიმართა, ხალხმა ბინები გაყიდა და კომპანიაში ფული შეიტანა. საუბარია, ჯამში, რვა მილიონ დოლარზე.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2009 წლის 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ცენტრ პოინტს ინვესტი უკვე გადახდის უუნარო იყო და ასობით მენაბრე ფულის დაბრუნებას ითხოვდა. მაშინ კომპანია სამართავად დექსუსს გადაეცა, რომელსაც კრიზის უნდა დაეძლია. გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე დროებითი მენეჯმენტის შესვლის წინააღმდეგ იყო.

ამავე კომპანიაში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად ბახტაძის დედა - მანანა ნანიტაშვილი, მუშაობდა. ის გელოვანის გამზირზე დაკიდული ბაღების მენეჯერი იყო.

მანანა ნანიტაშვილისგან ბინა სვეტა დანელიამ იყიდა და 23 ათას დოლარიანი ბინიდან 4000 დოლარი პრემიერის დედას ხელზე მისცა, თუმცა, ქვითარი არ მიუღია. ახლა სვეტა დანელიას აღარც ბინა აქვს და აღარც ფული.

ერთი წლის წინ დანელიამ მანანა ნანიტაშვილს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა, საქმე თაროზე შემოდეს და დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.

პრემიერის დედა ცენტრ პოინტის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მან სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის წინააღდეგ ჩვენები მისცა.

უცნობია, რატომ არ იძიებს პროკურატურა პრემიერმინისტრისა და მისი დედის საქმიანობას, რომელიც ცენტრპოინტის ხმაურიან საქმეს პირდაპირ უკავშირდება.

მამუკა ბახტაძე, რომელიც ცენტრ პოინტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, მითვისებული თანხების საქმეზე არც კი დაუკითხავთ, რის გამოც, ოპოზიცია ამბობს, რომ სახეზეა შერჩევითი სამართალი.

ქუჩაში მოქალაქეები ბინებს და ცენტრ პოინტ ინვესტში ჩადებულ ფულს ამ დრომდე უშედეგო ითხოვენ.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დააკავეს. მობინადრეებს ჰპირდებიან, რომ კუთვნილ ფართებს მიიღებენ, თუმცა, ჯერ ბინა უბინაოდ დარჩენილებს თვალით არ უნახავთ.

დღის ამბები