25 დეკემბერი 2024,   05:18
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან და 19 დაშავებული - ერთ-ერთი ვერსიით ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და სამარშუტო ტაქსს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან - დაშავებულია 19 ადამიანი. მომხდარს თვითმხილველები იხსენებენ და შემთხვევის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

თვითმხილველების ნაწილის თქმით, ტრაილერის მძღოლს სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა. მეორე ვერსიის მიხედვით, კი ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა. 

მათივე განცხადებით, სამარშუტო ტაქსი ტრაილერის შეჯახების შემდეგ ბორდიურს დაეჯახა. ბორდიურის ნაწილი კი მსუბუქ ავტომობილს მოხვდა, სადაც ერთი პირი იჯდა და დაშავდა.

„ტრაილერი მიდიოდა ტრასაზე, წინ მარშუტკა მგონი, გაჩერებული იყო, დაეჯახა ტრაილერი, მანქანა დაიმტვრა, მოაწვა აქეთ ბორდიურებს და ეს ბორდიურები გადმოვარდა და ეს ბავშვები იყვნენ აქ მანქანით გაჩერებულები და დაეცა მანქანას ის ბორდიური,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

სატვირთო ტრაილერი თბილისი-ქსნის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკრო ავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თითქმის ორი საათის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. ერთ-ერთი დაშავებულის ძმის თქმით, ტრაილერი საკმაოდ დიდი სიჩქარით მოძრაობდა. 

„ტრაილერი მოდიოდა დიდი სისწრაფით და წინ მოჰყვებოდა მარშუტკა. ამ მარშუტკას დაეჯახა მთელი სისწრაფით და აცურავა და ეს ბორდიურები სულ მოწყვიტა და მოხვდა ჩვენს მანქანას. ჩემი და გვერდზე იჯდა და ბორდიური შიგნით შემოვარდა,“ - განაცხადა თვითმხილველმა.

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 ადამიანიდან ორს, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

სატვირთო და მიკროავტობუსის მძღოლები ამ ეტაპზე დაკითხვაზე იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები