18 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
ვალერი გელაშვილის ცემის საქმე - მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 8 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ, შორენა გუნცაძემ სცადა განემარტა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ექვსი წლით პატიმრობის შეფარდება ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებებით იხელმძღვანელა.

პატიმრობის შეფარდებასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს სასამართლომ 2 წლისა 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

მიხეილ სააკაშვილმა შორენა გუნცაძის განაჩენს პოლიტიკური მასკარადი უწოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, სასამართლოს პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილმა მისცა იმისთვის, რომ მთავარი პოლიტიკური მეტოქე ჩამოიცილოს.   

მიხელ სააკაშვილის თქმით, ვალერი გალაშვილის საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე იყო, რაც პირდაპირ ადასტურებს პოლიტიკური შურისძიებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისთვის პატიმრობის შეფარდება, ივანიშვილთან ერთად პუტინის პოლიტიკურ ინტერესებშიც შედის.

მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის ყველაზე მკაცრ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა ვალერი გელაშვილი. გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ გელაშვილისთვის მიყენებული ზიანი ვერ ანაზღაურდება და გელაშვილი, სავარაუდოდ, ფინანსურ კომპენსაციასაც მოითხოვს.

სასამართლოს განაჩენი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებად შეაფასა დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ.

2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის, გია სირაძის მიმართ.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები