26 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
თუ მე მომერივნენ, არც ერთი ადამიანი აღარ იქნება დაცული საქართველოში - პაატა ბურჭულაძე 

პაატა ბურჭულაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას აქტიური ბრძოლის დაწყებით უპირისპირდება. მსოფლიო ბანი თბილისშია და პროკურატურისგან საქმის დახურვას ითხოვს.

მისი ადვოკატის მტკიცებით, საქმეზე, რომელიც საქველმოქმედო თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ეხება, უკვე 4 თვეა, არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ხორციელდება.

„დღემდე არც ერთ პირს ბრალდება არ წაყენებია. არც არის დადგენილი, რაში გამოიხატა ის ზიანი, რომელიც, თითქოს, ფონდმა მიაყენა, კერძო პირებს თუ სახელმწიფოს. მოხდა გარკვეული ორგანიზაციების, მედიასაშუალებების მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, რომლებიც შეიცავდნენ იმ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა ჰქონოდა ამ პუბლიკაციის ავტორებს,“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

კამპანია მსოფლიო მომღერლის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე გადის. მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში რეკავენ უცნობი ადამიანები და ამ თეატრების ადმინისტრაციას არწმუნებენ, ვითომდა, პაატა ბურჭულაძე თაღლითობაში ბრალდებულია და 8-დან 11 წლამდე ციხე ემუქრება.

ამის საპასუხოდ პაატა ბურჭულაძეს, როგორც ავსტრიის მოქალაქეს, საერთაშორისო საადვოკატო ბიურო იცავს, რომლის კამპანიაში მონაწილე მედიასაშუალებებს წერილობით აფრთხილებენ მე-5 მუხლის დარღვევის თაობაზე.

„მე იმდენად ჩემი რეპუტაცია არ მაღელვებს, ჩემი რეპუტაცია კარგად იციან, მე მაღელვებს საქართველოს მოქალაქის ბედი. თუ მე მომერივნენ, არც ერთი ადამიანი აღარ იქნება დაცული საქართველოში და ამიტომ მე ვპირდები ჩვენ მოქალაქეებს, რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. მომავალი გეგმა რა არის, ეხლა არიან ჩართულები ავსტრიის ადვოკატები და მე, როგორც ავსტრიის მოქალაქეს, ისინი მიცავენ. ასევე, ჩაერთვება ახლა მიუნხენის ადვოკატურა, რომელიც ძალიან ძლიერია. რამდენიმე ხანში აქ ჩამოვა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც თბილისში შეისწავლის ამ საქმეს და დადებს თავის დასკვნას. ყველა ის ადამიანი, ვინც კი იქნება ბრალდებული, მათ დაეწესებათ სანქციები. ეს გვინდა ჩვენ გავაკეთოთ,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

უცხოელი იურისტები ამტკიცებენ, რომ პატივისა და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შელახვის გარდა, ცილისმწამებელი მედიასაშუალებები უდანაშაულობის პრეზუმპციას და საავტორო უფლებებსაც არღვევენ.

 

 

 

 

დღის ამბები