22 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ჩამოჭრილი ტყის ნაწილი, გაჩეხილი ხეები - უკანონო მშენებლობა კურორტ ბახმაროში

ბახმაროში, ერთ-ერთ სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე, ჩამოჭრილია ტყის ნაწილი, გაჩეხილია ხეები და სახლის ასაშენებლად ყველაფერი მომზადებულია.  ერთ-ერთი ადგილი, რომელიც გაურკვეველმა, მაგრამ სავარაუდოდ, გავლენიანმა მოქალაქემ მოიხაზა, პირდაპირ სარეკრეაციო ზონაზე გადის.

ბახმაროს განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის თავმჯდომარე, არმაზ ახვლედიანი, ყვება, რომ მსგავსი უკანონო მშენებლობა კურორტზე ბევრია.

ვინ აშენებს სახლს, უცნობია. ადგილზე ამბობენ, რომ ტყეში საცხოვრებელის აშენების მსურველი ვინმე ჭეიშვილია. ბახმაროში ადგილობრივები კურიერთან ჰყვებიან, რომ ეს პირი თბილისის მერის, კახი კალაძის, მეგობარია.

კურორტ ბახმაროს დირექტორი, დავით საჯაია, ამბობს, რომ ბახმაროში უკანონო მშენებლობების პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა, ყველა მათგანი ჯარიმდება. ადასტურებს იმასაც, რომ ტყეში სახლს ნამდვილად ვინმე ჭეიშვილი აშენებს, თუმცა, რა კავშირი აქვს მას კალაძესთან, არ იცის.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი ამბობს, რომ მეპატრონის ვინაობა, ვინც სახლს სარეკრეაციო ზონაში იშენებს, უცნობია. მაგრამ უკანონო მშენებლობისთვის ის უკვე დააჯარიმეს. თუმცა, გაუგებარია, როგორ დააჯარიმეს ადამიანი, რომლის ვინაობაც ოფიციალურად დაუდგენელია.

სოლიდური ჯარიმების მიუხედავად, უკანონო მშენებლობები ბახმაროში გრძელდება. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწებს ძირითადად თანამდებობის პირები ისაკუთრებენ. 

დღის ამბები