„ქართული ოცნების“ უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, გიორგი კვირიკაშვილის განმარტება პოსტიდან წასვლის შესახებ, კიდევ ერთხელ მოისმინოს.
ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვების მიზეზების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არაადეკვატური უწოდეს.
დეპუტატების თქმით, კითხვები, რომელსაც დღეს პრეზიდენტი სვამს, პასუხგაცემულია თავად გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან.
„ამ კითხვებზე პასუხი არის თავად ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, სადაც მან ამომწურავად ისაუბრა და პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ეს ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კვირიკაშვილის პოსტიდან წასვლის შესახებ ბრიუსელში ისაუბრა, მიანიშნებს, რომ ყოფილ პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები დასავლელმა პარტნიორებმა დასვეს.
„ფაქტობრივად მიმდინარეობს დევნა მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს შეკითხვა დასვეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა. ადამიანი, რომელსაც ლამის მესიად სახავდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დღეს გახდა მისი დაუძინებელი მტერი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.