16 ოქტომბერი 2018,   21:41
ვრცლად
გენგეგმა, რომელშიც "პანორამა თბილისი" არ გაითვალისწინეს - ივანიშვილის სკანდალურ პროექტს დემონტაჟი ემუქრება

ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისს დანგრევის საფრთხე ემუქრება. ეს  საფრთხე კი, სავარაუდოდ, შემთხვევით თავად ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად კი თბილისის მერმა შექმნა.

საქმე იმაშია, რომ დედაქალაქის მერიის მიერ მოწონებული გენგეგმის მიხედვით, პანორამა თბილისი მოქცეულია ისტორიულ-ლანდშაფტურ ზონაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილზე მშენებლობა არ შეიძლება. თუ საკრებულომ გენერალური გეგმა იმ სახით მიიღო, როგორც ახლა არის, მაშინ პანორამა თბილისის დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

საკრებულოს ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ გენგეგმის მიღება შესაძლოა, განგებ გაჭიანურდა, რომ პანორამა თბილისის მშენებლებს დოკუმენტაციის მოწესრიგება და მშენებლობის გაპრავება მოესწროთ. ეჭვის კი ის აჩენს, რომ სამშენებლო დოკუმენტაციის ერთი ნაწილი კვლავაც არაა საჯარო.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შემზღუდავი ზონები, მათ შორის, ისტორიულ-ლანდშაფტური ზონა დედაქალაქში 1985 წელს განისაზღვრა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რეპსუბლიკის მთავრობის დადგენილებით. სწორედ ამიტომ, მერის მოადგილე თვლის, რომ ახლა უპირატესი ფუნქციურ-ზონალური დაყოფაა, რომელიც მთაწმინდის ქედზე პანორამის მშენებლობას გამონაკლისის სახით დასაშვებს ხდის.

თუმცა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ, რადგან გენგეგმით კიდევ ერთხელ მოხდა ისტორიულ ლანდშაფტური ზონის, თუნდაც, ირიბად აღიარება, ახლა ამ კონსტრუქციების მშენებლობა უკვე უკანონო, იმის მიუხედავად, რომ მათი მესაკუთრე ხშირად აყენებს თავს კანონებზე და ისტორიაზე მაღლა.

 

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი 

დღის ამბები