22 დეკემბერი 2024,   21:28
ვრცლად
გასაუბრება მთავარ პროკურორთან - ენმ შალვა თადუმაძეს მხარს არ დაუჭერს, „ევროპული საქართველო“ კი სხდომას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს, „ევროპული საქართველო“ არ ესწრება. დღევანდელ სხდომას საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის დანიშვნა არის პოლიტიკური ფარსი.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი საზოგადოების „მასხრად აგდებაა“.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის საზოგადოების მასხრად აგდება, დაცინვა, ცინიკური დამოკიდებულება... ეს კიდევ უფრო გააღრმავებს, სამწუხაროდ, იმ უნდობლობას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში პროკურატურის და, ზოგადად, სამართალდამცავი სისტემის მიმართ. ამიტომ, მე სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თანამდებობაზე გვყავს პროკურორი, რომელიც არის ისევ ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელსაც აქვს სერიოზული პრობლემა ლეგიტიმაციის და რომელსაც, სამწუხაროდ, არ აქვს მანდატი, რომ ის რეფორმები გაატაროს პროკურატურაში, რომელიც ასე საჭიროა ამ სისტემისთვის,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომას დაესწრებიან, კითხვებსაც დაუსვამენ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატს, თუმცა აცხადებენ, რომ შალვა თადუმაძეს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ მმართველი ძალა საზოგადოების მოთხოვნას არ ითვალისწინებს და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს უცხადებენ მხარდაჭერას.

„პარლამენტი აპირებს, რომ დამტკიცოს გენერალური პროკურორი, რომელსაც ექნება მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის ნდობა და, შესაბამისად, ის მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს და არა საქართველოს ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ ასეთ პოლიტიზირებულ, მიკერძოებულ და დამოუკიდებლობის არმქონე გენერალურ პროკურორს, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერთ,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები