19 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
გედევან ფოფხაძე "ქართულ ოცნებას" კომპარტიასთან გაიგივებისთვის ბოდიშს უხდის

გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებაზე ბოდიშს იხდის. საუბარია მის განცხადებაზე, როდესაც მან ამ გადაწყვეტილებისთვის მმართველი პარტია კომუნისტებს შეადარა და თქვა,  რომ მას „ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას.

რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ დიალოგის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და მზადყოფნას გამოთქვამს, ჭიჭინაძესა და მმართველ გუნდს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

გედევან ფოფხაძის აზრით, "ქართული ოცნების“ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა განიხილონ. 

„თავის დროზე დათო ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ არ უნდა წავიდე, ჩვენი გუნდურობა და ერთად ყოფნა არის მნიშვნელოვანი, მეც იგივეს ვაპირებ, რომ გავაკეთო და დავით ამ საკითხებზე ვესაუბრო . მგონია, რომ გუნდის შიგნით შეიძლება ვიღაცას რაღაც წყენა ჰქონდეს დათოს მიმართ, ჩემ მიმართ, ჩვენც შეიძლება რაიმე წყენა ერთმანეთის მიმართ გვქონდეს, მაგრამ ამ გუნდს აქვს პოლიტიკური რესურსი იმისა, რომ ეს საკითხები გუნდის შიგნით გახდეს მსჯელობის საგანი. ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ამ ფრაზის გამო, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, რომ მომიტევონ, ემოციური იყო და ვთხოვ, რომ მათაც გაუწიონ ანგარიში იმას, რომ ეს საკითხი ასე მარტივად ამოწურულად არ ჩაითვალოს, დავილაპარაკოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე პარტიიდან წასვლის პრობლემა არ მაქვს, თუ მასე აყენებს ვიღაც საკითხზე, საუბარი არ არის ამაზე, რომ ჩვენ ამ პარტიაში კერძო ინტერესები გვაერთიანებს, გვაერთიანებს სურვილი, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დავით ჭიჭინაძე "ქართულმა ოცნებამ" პარტიიდან გუშინ გარიცხა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი კრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები