23 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა - მინისტრ იზორიას სამხედროზე თავდასხმის საქმის მიჩქმალვაში ადანაშაულებენ

თავდაცვის სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა - მინისტრ ლევან იზორიას საარტილერიო ბრიგადის სამხედროზე თავდასხმის საქმის მიჩქმალვაში ადანაშაულებენ.

31 წლის სერგო ჯიმშერაშვილი სიკვდილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ებრძვის. საარტილერიო ბრიგადის რიგითი უკვე ორი თვეა, კომაშია. ქალა-ტვინის დახურული ტრავმა რიგითმა 25 მაისს ნორიოში მისივე სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებთან ჩხუბის დროს მიიღო.

მომაკვდავი რიგითი იმავე დღეს რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და საქმის კურსში სამხედრო პოლიციაც ჩააყენეს. თუმცა, ადვოკატები ამბობენ, რომ სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, თავდაცვის სამინსიტრომ გამოძიება არ დაიწყო.

სამართალდამცველები ჯარისკაცზე ჯგუფურად მომხდარი თავდასხმით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მომხდარი სამი დღის შემდეგ ნაცემი სამხედროს დედამ პროკურატურას მიმართა.

სერგო ჯიმშერაშვილის ცემა საარტილერიო ბატალიონის სერჟანტმა აღიარა.

28 მაისს მიცემულ ჩვენებაში სამხარაძე ჩხუბს დეტალურად აღწერდა. ამავე ჩვენებიდან ირკვევა, რომ სისხლიან გარჩევას 10-მდე სამხედრო, მათ შორის, ბრიგადის მეთაურები და სერჟანტებიც ესწრებოდნენ.

ჯარისკაცების სისხლიან გარჩევაზე სამხედრო პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში მომხდარის შესახებ იცოდნენ.

სამხედრო ცემაში ბრალდებული სერჟანტის ადვოკატი ყვება, რომ ლევან იზორიას სკანდალის შეეშინდა. სამხედროებს შორის სისხლიანი დაპირისპირება თბილისში მრავალათასიან აქციებს დაემთხვა.

ოჯახს თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ საქმეს არასწორად იძიებდნენ და რეალობას მალავდნენ. თავდაპირველად იყო ვერსია, რომ რიგითის ცუდად გახდომის მიზეზი ინტოქსიკაცია იყო. ეს დაადასტურა სასწრაფო დახმარების ექიმმაც, რომელმაც გამომძიებლებს უთხრა, რომ სამხედროებმა ჯიმშერაშვილის გათიშვის მიზეზად ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუსახელეს.

საქმის მასალების მიხედვით, ჯერჯერობით ვერ დადგინა იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. სამაგიეროდ, პროკურატურამ დაადგინა, რომ 4-მა სამხედრომ დანაშაული დაფარა და ისინი მომხდარიდან 1 თვის შემდეგ დააკავა.

ყველა ამ გარემოების მიუხედავად, ჯერჯერობით გამოძიებას არ გამოუკითხავს სამხედრო პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც, დაკავებულების მტკიცებით, საქმის კურსში იყვნენ, თუმცა, გამოძიება არ დაიწყეს. 

დღის ამბები